ანუ როგორ დავიწყე წიგნების მოსმენა.
ამ პოსტის დაწერას უკვე რამდენიმე დღეა ვგეგმავ და როგორც იქნა დღეს თავი მოვუყარე ყველა მასალას ერთად. აი, რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები წიგნების მოყვარულებზე. სანამ მეც რიდერების რიგებს შევუერთდები, ტექნიკის ამ მიღწევით ვსარგებლობ.
iPod Classic – ეს ის მოვლენაა, რომელიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. თავიდანვე ძალიან მომეწონა. როგორც იქნა ფული შევაგროვე და დაახლოებით ერთი თვის წინ შევიძინე. მანამდე იყო iPod nano, რომელსაც არაფერს ვერჩი, უბრალოდ გავიზარდე და 4 გბ ნამდვილად აღარ არის საკმარისი. Classic-ში კი რაც გინდა ის ქენი, ჩაწერე რამდენიც გაგიხარდება, იმდენი მუსიკა, უყურე ფილმებს, მოუსმინე წიგნებს, დაათვალიერე ფოტოები – ძირითადად ამ სიკეთეებით ვსარგებლობ ხოლმე.
კომპიუტერში საკმაოდ მაქვს აუდიო წიგნები, რომლებიც თავიდან მხოლოდ იმიტომ გადმოვწერე, რომ უფასოდ ვრცელდებოდა. იმის შემდეგ არც კი გამიხსნია ის ფოლდერი. ახლა კი თავისუფლად შეიძლება სასურველი წიგნის მოსმენა. თავიდან ძალიან დაძაბული ვუსმენდი თითოეულ სიტყვას, თავებს რამოდენიმეჯერ ვამეორებდი და მაინც იმის განცდა მქონდა, რომ რაღაც გამოვტოვე, რაღაც ვერ გავიგე. მეხუთე თავის შემდეგ ამ ყველაფერმა გაიარა. როგორც იქნა ავუწყვე ფეხი ამ ტექნოლოგიასაც და დავიწყე წიგნების მოსმენა.
მახსოვს, ორი წლის წინ წიგნების გამოფენაზე მე და ჩემი მეგობარი რომელიღაც გამომცემლობის წინ განვიხილავთ წიგნებს. ერთ–ერთ წინადადებაში მან თქვა, რომ ამას წინათ მოისმინა ეს ავტორი (ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს, რომელ მწერალზე ვსაუბრობდით) და ძალიან მოეწონა, კარგი მოთხრობები აქვს. მახსოვს გამყიდველის გაოგნებული სახე, როდესაც დეტალურად აუხსნა, თუ როგორ შეიძლება სასურველ წიგნს უსმინო mp3 ფორმატში.
არა და გასაკვირი ნამდვილად არ არის. ორსონ უელსის არ იყოს, წიგნის საკითხვა საჯაროდ ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. თავის დროზე რადიოში კითხულობდნენ გაზეთებს, იდგმებოდა რადიო–სპეკტაკლები და ა.შ. მსგავსი პრეცენდენტი რომ არის, “სამყაროთა ომები” ჩვეულებრივ ფანტასტიკურ წიგნად დარჩებოდა.
XXI საუკუნეში, როდესაც დავიჩემეთ, რომ ყველაფერი აჩქარებულია, აქაც შეგვიძლია თავი გავართვათ და ვიზრუნოთ საკუთარ განათლებაზე. ავტობუსებში, სამარშრუტო ტაქსებში, გაჩერებებზე შეგვიძლია ვუსმინოთ იმას, რაც გვსურს. სულ ორად ორი კომპონენტია საჭირო ამ ყველაფრისთვის: კარგი ყურსასმენები და კონცენტრირება ტექსტზე. უკანასკნელს კი თავად მთხრობელი განაგებს. სასურველია მსახიობის მიერ იყოს ტექსტი წაკითხული და მუსიკალური გაფორმებაც ჰქონდეს.
ახლა კი თავად ავტორზე და წიგნზე გადავიდე. პირველი წიგნი მინდოდა გამორჩეული ყოფილიყო, ამიტომაც იმ უტოპიურ სამებას მივაკითხე: ორუელი, ჰაქსლი და ზამიატინი. პირველი ორის “1984” და “Brave New World” წაკითხულო მაქვს. შესაბამისად აირჩა ზამიატინის “ჩვენ” (“Мы”). მოსმენილმა მოლოდინს გადააჭარბა, დიდი ხანია ასეთი კარგი წიგნი არ შემხვედრია. წიგნმა, რომელმაც ღირსეულად დაიკავა საპატიო ადგილი ჩემს კომპიუტერში.
სამივე ნეგატიური უტოპია აჩვენებს, რომ შესაძლებელია ადამიანის სრული დეჰუმანიზება და თან ცხოვრების გაგრძელება. ვინმემ შეიძლება ეჭვი შეიტანოს ამ დაშვების სისწორეში და იფიქროს, რომ თუკი შეიმუსრება ადამიანის ჰუმანური გულისგული, მაშინ მთელი კაცობრიობაც განადგურდება. გულგამოცლილი ადამიანები ხომ ისეთი არაადამიანური და სიცოცხლედაშრეტილნი იქნებოდნენ, რომ ერთიმეორეს მოსპობდნენ ან სრული მოწყენილობისა და შიშისაგან დაიხოცებოდნენ. თუ “1984”–ის სამყარო ცხოვრების დომინანტურ ფორმად იქცევა დედამიწაზე, ეს იქნება შეშლილთა მსოფლიო, ანუ არასიცოცხლისუნარიანი ქვეყნიერება. დარწმუნებული ვარ, არც ორუელს, არც ჰაქსლის და არც ზამიატინს არ სურდათ დაემტკიცებინათ, რომ ასეთი მსოფლიო გარდაუვლად მოვა. პირიქით, ამ წიგნებით ისინი გვიჩვენებენ, საით მივდივართ და სადამდე მივალთ, თუ არ ავაღორძინებთ ჰუმანიზმისა და ღირსების სულს – დასავლური კულტურის საფუძველთა საფუძველს.
ერიხ ფრომი (1900-1980) – ჯორჯ ორუელის “1984” [ამოღებულია “სიესტას” მიერ 2006 წელს გამოცემული წიგნის სიტყვაობიდან.]
ბოლო თავმა იმდენად იმოქმედა, რომ იძულებული გავხდი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვსულიყავი და ფეხით მივსულიყავი სახლამდე. ის აპოთეოზი, რაც ყურებში ხდებოდა, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე. ეს მხოლოდ უდიდეს წიგნებს და მათ ავტორებს შეუძლიათ.
ბიოგრაფიის წაკითხვა აქ შეგიძლიათ – Биография
წიგნის ჩამოტვირთვა – “Мы”