პირველი ნაჩაწერი: ბავშვობა, პირველი მოგონებები, დღიური.
ოჰ, შენ არ იცი პირველი სტრიქონის დაწერა როგორი ძნელია. რამდენი ხანი ვემზადებოდი იმისთვის, რომ პირველი სიტყვა, აბზაცი მომეფიქრებინა. არასოდეს გამჩენია სურვილი ვინმესთვის მომეთხრო ჩემი ჩანაწერების შესახებ. ყველაფერი სპონტანურად მოხდა: ვიყიდე 20 თეთრიანი მწვანე რვეული (12 გვერდიანი) და უბრალო კალამი. შემდეგ დავჯექი და წერის დაწყების მაგივრად გაქცეულ ავტობუსს დავედევნე. მერე სულ მიმავიწყდა, მერე კიდევ ბევრი რა მოხდა.
მელანქოლიას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა მომენტი, როდესაც უბრალოდ აუცილებელია ყველაფრის გადაწერა, გადაღებვა. ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოვახერხო, რომ დედანი (წარსული) არ შევცვალო, მხოლოდ იმ 12 ფურცლიან ნაგლეჯს დავუტოვო ყველაფერი. ყველაფერი კი ბავშვობით იწყება, ყველა ადამიანი ყოფილა პატარა, მაგრამ იშვიათად თუ იხსენებენ ამას. გაზრდაას ძალიან ბევრ ნაკლთან ერთად საშლელის ფუნქციაც აქვს – რასაც ხშირად არ გამოყენებ ჯერ მიგავიწყებს, ბოლოს კი საერთოდ წაგიშლის.
* * *
- ამბობენ, მალე მოვაო და რავიცი აბა.
– ეგრე ამბობდნენ გუშინაც, მაგრამ არ მოსულა.
– ვნახოთ…
აქ არც ადამიანი იგულისხმება და არც რაიმე მანქანა. უბრალოდ, შუქზეა საუბარი და 90–იანებში მთავარი სალაპარაკო თემაც ეს იყო. ომი გაციებული არ იყო, პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დაიწყეს ადამიანებმა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი: არც ბებიაჩემი და არც დედაჩემი რიგში არ მინახავს. არც გათბობა და არც შავი ყუთი (ტელევიზორი) განათებული. ყველაფერი ჯაჭვივით აეწყო – ყველანი სახლებში გამოვიკეტეთ და საკუთარი თავების მოწესრიგებას შევუდექით. თუმცა, ეს რამდენად გამოგვივიდა სულ სხვა საკითხია.
ყველაზე კარგი მოგონება იაფფასიან სერიალს უკავშირდება, რომელიც აკუმულატორზე შეერთებულ ტელევიზორში გადიოდა. კასანდრას სპილოს მთელი უბანი დასტიროდა. ჩემი თანატოლის მოგონების არ იყოს, მეც არ მქონდა ბევრი გასართობი. სკოლის ასაკამდე სანამ მივიდოდი ეზოში ხდებოდა ყველაფერი. მეზობლები ერთმანეთს პურს და სარეცელს ერთდროულად უყოფდნენ. ყველამ კარგად იცოდა ვინ საიდან იპარავდა დენს. ვის რამდენი ლიტრი ბენზინი ჰქონდა მანქანის ბაკში. ვისთან დადიოდნენ ღამ–ღამობით და ა.შ. ყველას რა ჩამოთვლის, ისტერიული სიჩქარით ვითარდებოდა ყველაფერი.
თუმცა, ქვეყანა ერთ ადგილას იდგა (ამას მაშინ ვერ ვამჩნევდი, რა თქმა უნდა), ნათელი მოგონებები საბურავების სუნმა და სკამზე გადაწოლილმა უფროსებმა შეავსეს. ინერციის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ვერც კი ვხვდებოდი საით მივდიოდი, რას ვაკეთებდი, რატომ იკრიბებოდნენ უცნობი ადამიანები ჩემს სახლში, რატომ საუბრობდნენ ჩუმად, რატომ მიკრძალავდნენ ზოგიერთ ბავშვთან მეგობრობას.
წითელი ფერი თავიდან მეზიზღებოდა. როგორც კი თვალებს დავხუჭავდი, თვალწინ გაცოცხლდებოდა გამათბობელი, რომელსაც საშინელი ნავთის სუნი ასდიოდა. “კერასინკად” წოდებული მთავარი მოქმდები გმირი იყო. მის ირგვლივ ხდებოდა ყველაფერი: ტრაპეზი, რომელიც იმდენად ერთნაირი იყო, რომ დანაყრების სურვილი არავის უჩნდებოდა, საუბრები, ქვეყნის ამბების გაგება და ა.შ. ჩვენ იმ შამანებს ვგავდით, რომლებიც ცეცხის საიდუმლოს ჩაწვდნენ, მისი არსი გაიგეს და დაიწყეს საიდუმლოებით მოცული რიტუალი. რიტუალი, რომელიც სულებთან კავშირში იყო, უხილავი ძაფი, რომელიც ირგვლივ მყოფ ადამიანებს აერთებს და საერთო ფერხულისკენ უბიძგებს.
* * *
მამაჩემი ადრე გარდაიცვალა, ამიტომ მისი ძმაკაცები ცდილობდნენ ჩემთვის მამობა გაეწიათ. მაშინ რაც იშოვებოდა, ყველაფერს გვაწვდიდნენ მე და დედაჩემს. ერთხელ, უკვე როდესაც სტუდენტი ვიყავი მოსულა ერთ–ერთი მათგანი ე.წ. “ბეტეერით” მთაწმინდაზე (მაშინ იქ ვცხოვრობდით), თურმე აფხაზეთში მიდიოდა და გამომშვიდობება უნდოდა. რადგანაც სახლში არ ვიყავი თავისი ანაბეჭდები კედლებს დაუტოვა – რამოდენიმე ტყვიით შემოიფარგლა და იქიდანვე გაუდგა გზას. საღამოს, როდესაც სახლში დავბრუნდი, მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო, უბნის ბიჭები სხვანაირად მიყურებდნენ…
“ბეტეერის” “პატრონი” იმის შემდეგ არ მინახავს. ამბობენ, აღარ დაბრუნდაო.
* * *
ასეთი ჩანაწერების მეტი რა არის. ესეც ერთ ერთი მათგანია. თუმცა, გარემოს მდგომარეობას რამდენად კარგად აკვირდება 4–5 წლის ბავშვი სულ სხვა საქმეა. აქ იმ განცდების და შეგრძნებების მყოლა მსურდა, რომლებიც იმ პერიოდს მაკავშირებს. რამდენად კარგად გამომივიდა ეს რვეულის გადასაწყვეტია. მძიმე ტვირთის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოცილებულია.
დაწყება არის მთავარი, თორემ მერე კალამი თავისით სერავს ფურცლებს.


ყველაფერი ამოტივტივდა…მე წავშალე ეს დრო.” დაწყება არის მთავარი, თორემ მერე კალამი თავისით სერავს ფურცლებს.”- კარგად დაამთავრე, მომეწონა. ასეც არის, მთავარი დაწყებაა და დაბოლოება, შენ კი აქ ორივე კარგად გამოგივიდა
-
დიდი მადლობა )))