“სურნელი” და “ზედაპირი” – ამ სახელწოდებით ახალი გამოფენა გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA). სანამ ჩემ შთაბეჭდილებებზე და ინტერვიუზე გადავალ, მანამდე ზოგადი კონცეფცია ამ ყველაფრის.
“იმას, რასაც თქვენ ახლა წაიკითხავთ, ფასებისა და საკვების შესახებ ჩემი კურატორული პროექტის კონცეპტია.” – ბესა ქართლელიშვილი.
ზოგადად, იმ აგრიკულტურულ ქვეყანაში, რომლის თვით სახელიც კი მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული, არა მარტო საკმაოდ იაფი და მრავალფეროვანი საკვები უნდა მოიპოვებოდეს, არამედ ამ თემასთან დაკავშირებული კულტურული, ინდუსტრიული, კომერციული და სხვა მრავალი აქტივობებიც უნდა შეინიშნებოდეს.
კონცეფციის სტარტაპი
– შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ვენეცია იმაზე გაცილებით იაფი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მაგალითად, მაკარონი სულ რაღაც 0,45 ევრო (ერთი ლარი) ღირდა!
– თბილისში რომ ცხოვრობ, ეს იმიტომ გგონია იაფი, თორემ ამსტერდამში ორჯერ ნაკლები ღირს და შეიძლება 20 ცენტადაც (45 თეთრი) შეგხვდეს…
ჩემს მეგობართან საუბრის შემდეგ გავაცნობიერე, თუ რატომ გვაწვდიან ყოველი სატელევიზიო ახალი ამბების ბოლო ინფორმაციას, საზღვარგარეთ რამდენიმე მილიონად გაყიდული რაიმე ნივთის შესახებ და მტკიცედ რატომ სწამს ხალხს, რომ რაღაცაში მაინც გაუმართლათ, რადგან სხვა თუ არაფერი, საკვები მაინც იაფია აქ, მაგრამ ჩემთვის ისევ გამოცანად რჩება ვინ ან რა აწესებს ფასებს საკვებზე “გეორგიაში” – არის ეს შედეგი კორპორაციების არ არსებობისა, თუ გლეხთა და ფერმერთა შეთქმულებასთან გვაქვს საქმე?
აი, ასეთი ტექსტებით სავსე ფურცლებით შევიარაღდი, ზედაპირულად გადავიკითხე და დავიწყე ნამუშევრების თვალიერება (მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ყველა ნაცნობ–მეგობარი ვნახე და მოვიკითხე). პირადი, ყოველდღიური მოხმარების, საკრალური, ჩვეულებრივი საგნებით გაჯერებული ინსტალაციები იწონებდნენ თავს. ამ ყველაფერს კი ერთი პროტესტის დიდი მუხტი დაყვებოდა, რომელიც უხარისხო ბრინჯიდან დაწყებული, ჩინეთში აწყობილი კლავიატურით დამთავრებული ყველაფერს ედებოდა.
ამ გამოფენით ჩვენ ვიკავებთ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეს, რათა სოციალურ–მისტიციტურ დონეზე გავაანალიზოთ ამბავი მწარე ფასებისა და ტკბილი საკვებისა; 2011 წლის შემოდგომა / ზამთრის ფერებითა და ფაქტურით დავამყაროთ გრძნობითი ურთიერთობა აუდიტორიასთან და ამ გზით მივიდეთ ვანილოვან ახალ წლამდე.
გამოფენაში მონაწილეობენ: გიორგი მაღრაძე, გურამ წიბახაშვილი, ჰანს ჰაინე ბური, კოტე ჯინჭარაძე, კშიშტოფ ვენგელი, მულტიმედია არტ ჯგუფი “სტიგმატი”, The Fleetgroup. გამოფენის კურატორი – ბესა ქართლელიშვილი.
სანამ გამოფენის მეორე ნაწილზე (“ზედაპირი”) გადავალ, მანამდე პატარა ინტერვიუ არტისტ გიორგი (დადა) მაღრაძესთან, რომელსაც ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის.
რატომ გადაწყვიტე ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება?
როგორც ყველასთვის არის ცნობილი, ეს თემა ძალიან აქტუალურია დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ორიოდე სიტყვით შენს ნამუშევარზე…
მე რაც გადავწვიტე რომ გამეკეთებინე ამ ყველაფრისთვის, არის საკვები და ნივთები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის. ეს ყველაფერი კი ძირითადი მიუწვდომელია საშუალო ფენისთვის. ამისთვის გამოვიყენე არეული რუკა, სადაც მონიშნულია სხვადასხვა ადგილები. ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და არ არის მხოლოდ იმ წერტილებში, სადაც ეს ყველასთვის ცნობილი აქციები ხდება (“Occupy Wall Street” და ა.შ.). ამ ამბავში ხომ ბევრი დამნაშავეა, კორპორაციები, მედიაც და საერთოდ, მსოფლიო წესრიგი, რომელიც დღეს არის.
რა მასალები გამოიყენე იმისთვის, რომ შენი ნამუშევარი შეგექმნა?
მე რაც გამოვიყენე დამიჯდა ძალიან იაფი ყველაფერი. ძირითადი უკვე გამოყენებული ნივთები და შევურიე იმ ტექნიკას, რაშიც მე ვმუშაობ.
ახლა კი გამოფენის მეორე მხარეს გადავინაცვლოთ, სადაც სახელწოდებით “ზედაპირი” ერთი არტისტის (ირინე ჯიბუტი) მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კურატორი – ირინე ჯორჯძე.
გამოფენა ზედაპირის მნიშვნელობას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. თიხის ქანდაკებები ასახავს მიმართების განსხვავებებს, იკვლევს მის მნიშვნელობას და ფორმირების მიზეზებს.
თიხა არაერთგვაროვანი მგრძნობიარე მასალაა, რომელიც გამოფიტვის, სხვადსხვა მინერალებთან თუ ჰაერთან შეხების დროს რთული პროცესების შედეგად მიიღება და მუდმივად სხვადასხვა კომბინაციებს გულისხმობს. ნამუშევრების ცოცხალი ზედაპირი მიუთითებს შეხებაზე, პერსონალურ გამოცდილებებზე, რომლებიც შემდეგ მგრძნობელობას და ხედვის კუთხეს განსაზღვრავს. ამგვარად შესაძლებელი ხდება ზედაპირის წაკითხვა, შეგრძნება და დანახვა იმის, რაც ხილულია.
წარმოდგენილი სამი ნამუშევრიდან ყველაზე მეტად მომეწონა ეს:
ერთნაირი თეთრი მომრგვალებული სხეულები ცვალებად ზედაპირს ქმნის. თიხის სათუთი და ცოცხალი ფორმა რბილი და ფაქიზია. მასზე ამოზრდილი ფორმები ზედაპირულ შეხებაზე ამახვილებს ყურადღებას და ცვალებადი ყოველდღიური ვიბრაციების შედეგად, არაერთგვაროვან ზედაპირს საყურადღებო მგრძნობიარე გამოცდილებად წარმოგვიდგენს.
გამოფენა 2012 წლის 23 აინვრამდე გაგრძელდება. მსურველებმა კი უნდა მიაკითხონ შემდეგ მისამართს: თბილისი, დ. აბაშიძის #10.




“ზედაპირმა” ჩემი ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ზოგადად, ყველა კარგი და საინტერესო იყო, ასევე მაღრაძის.
კარგია, რომ დაწერე ამ თემაზე
და ვწერთ ზოგადად.
ხო, ვინმემ ხომ უნდა წეროს მსგავს თემებზე, თორემ მთელი საბლოგეთი ერთმანეთს დაემსგავსა